საზოგადოება
07.05.2020 15:48
ათასამდე დევნილ ოჯახს საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებები გადაეცა
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, კემლინ ფურლემ და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა, ბესარიონ სიმონიშვილმა, ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებები გადასცეს.
საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახების დახმარების მიზნით, თანხა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობამ გამოყო. 1000 დევნილ ოჯახს, რომელიც დახმარების მიმღებთა კატეგორიაში მოხვდა, სურსათსა და ჰიგიენურ საშუალებებს ადგილზე მიუტანენ.
ამ ეტაპზე, დახმარებას მიიღებენ სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირებული ის დევნილი ოჯახები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 30 001-ზე ნაკლები ქულა და ამასთან ერთად არიან: მრავალშვილიანი ოჯახები; მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები დევნილები და მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანი დევნილები.
„კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ამ ურთულესი გამოწვევის წინაშე სოლიდარობა უმნიშვნელოვანესია. ხელისუფლება, საერთაშორისო ორგანიზაციები, ჩვენი საზოგადოება უნდა გავერთიანდეთ და გვერდში დავუდგეთ იმ ადამიანებს, ვისაც დღეს ზრუნვა ყველაზე მეტად სჭირდება. ეპიდემიის გავრცელების პირველივე დღეებიდან, ჩვენ, როგორც მსოფლიო მასშტაბით, ასევე საქართველოსთან მიმართებაში ვცდილობთ წვლილი შევიტანოთ ამ ვირუსთან ბრძოლაში და ადამიანებს შევუმსუბუქოთ სირთულეები. დღესაც, ისევე როგორც ბოლო 27 წელი, UNHCR დგას ქართველი ხალხისა და მთავრობის გვერდით“, - განაცხადა კემლინ ფურლემ.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები იმ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს გადაეცემათ, რომლებსაც ამ დრომდე დახმარება არ მიუღიათ.
კვირის ამბები