მთავრობის გადაწყვეტილებით, ტურიზმის ინდუსრტიაში მომუშავე კომპანიები 2020 წელს ქონების გადასახადისგან თავისუფლდებიან და ამასთან, საშემოსავლო გადასახადი წლის ბოლომდე გადაუვადდებათ.
აღნიშნულის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას გააკეთა.
„ეს ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია, კომპანიებს საბრუნავ საშუალებებს გამოვუთავისუფლებთ, რომ დასაქმებულები შეინარჩუნონ, ასევე, საშემოსავლო გადასახადი, რომელიც პირველ ნოემბრამდე იყო გადავადებული, იგივე მიზნით გადავადდება 2020 წლის ბოლომდე. რაც შეეხება კონკრეტულ ქვედარგს, განთავსების ობიექტებისთვის, უპრეცედენტო პროგრამას ვიწყებთ და ყველა სასტუმროსთან მიმართებაში, რომლის წლიური ბრუნვაც 20 მილიონ ლარამდე იყო ( ესაა სასტუმროების 95%-ზე მეტი) ჩვენ მოვახდენთ მათი საბანკო სესხის პროცენტის 80%-ის სუბსიდირებას, სესხის პირველ 5 მილიონ ლარზე და ეს პროგრამა 6 თვე გაგრძელდება“, - აღნიშნა თურნავამ.