„გორის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები ეტაპობრივად განახლდება. უკვე აქტიურ რეჟმში მიმდინარეობს ბარნოვის ქუჩის რეაბილიტაცია, რომელიც მიმდინარე წლის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტია. 370 მეტრი სიგრძის ქუჩა, რომელიც მტკვრის სანაპიროს მიუყვება, რომელაშვილებისა და გურამიშვილის ქუჩებს აკავშირებს. პროექტის ჯამური ღირებულება 3 825 364 ლარია,“ - აღნიშნული განცხადება გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა ბარნოვის ქუჩაზე განახლებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერებისას გააკეთა.
კონსტანტინე თავზარაშვილის თქმით, ქუჩაზე მოეწყობა გარეგანათება, ველობილიკები, ასევე, განთავსდება ახალი საგზაო ნიშნები და მონიშვნები. პროექტი ქუჩის სრულ რეაბილიტაციასთან ერთად, წრიულის, კუნძულებისა და ქუჩის მიმდებარედ სკვერის მოწყობასაც ითვალისწინებს. ამავდროულად, გრძელდება მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ნაპირსამაგრი კედლის მშენებლობაც.
გორის მერიაში ამბობენ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ რამდენიმე ქუჩაზე საგზაო მოძრაობა მნიშვნელოვნად განიტვირთება (თამარ მეფის, სტალინისა და სამეფო ქუჩები), რაც ქალაქში სატრანსპორტო საშუალებების სწრაფ და შეუფერხებელ გადაადგილებას შეუწყობს ხელს.