გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ უსახსროდ დარჩენილ 1000-მდე ოჯახს საკვები პროდუქტები გადაეცა
გორის მუნიციპალიტეტის მერია, უსახსროდ დარჩენილი ოჯახების დახმარებას აგრძელებს. ამ ეტაპზე, ადგილობრივი თვითმმართველობა სასურსათო პაკეტებს ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გამო, საკვები პროდუქტების გარეშე დარჩენილ მარტოხელა მოხუცებსა და სხვა მოწყვლად ჯგუფებს გადასცემს.
პროდუქტის განაწილების მესამე ეტაპს, მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილიც დაესწრო. 50 ლარის ღირებულების სასურსათო პაკეტებში ბურღულეული, რძის ნაწარმი, ტკბილეული, კარტოფილი და ჰიგიენის საშუალებებია მოთავსებული, რომელსაც მერის წარმომადგენლები ბენეფიციარებს დანიშნულების ადგილამდე მიუტანენ.
„აღნიშნული დახმარება ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი 150 000 ლარის ფარგლებში შეძენილი პროდუქტის ნაწილია, რომელიც გორის მერიამ მესამე ეტაპზე გასცა. საერთო ჯამში კი, დღემდე, გარკვეული სახის დახმარება ჩვენი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებმა 3000-მა ოჯახმა მიიღო.
გორის მერიის წარმომადგენლების უშუალო მონაწილეობითა და თანადგომით, ასევე, პერიოდულად გაიცემა ადგილობრივი ბიზნესმენებისა და წითელი ჯვრის მიერ შემოწირულობის სახით მიღებული პროდუქტებიც. დახმარების მისაღებად უსახსროდ დარჩენილმა ოჯახებმა უნდა მიმართონ მერის წარმომადგენლებს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში,“ - ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.