06.05.2020 12:31
გ.ერისთავის სახელობის თეატრი მაყურებელს „ობლების“ ვიდეოჩანაწერს შესთავაზებს
შაბათს, 9 მაისს, გიორგი ერისთავის სახელობის თეატრი, მესამე სივრცის, თემურ ჩხეიძის სახელოსნოსა და სამეფო უბნის თეატრის პროექტის ონლაინ ვერსიას წარმოგიდგენთ. ყველას, ვისაც სცენაზე თანამედროვე რეჟისორის - თათა პოპიაშვილის მიერ დადგმული „ობლები“ არ გინახავთ, გ. ერისთავის სახელობის თეატრი გაძლევთ შანსს, სპექტაკლის ვიდეოჩანაწერი ნახოთ. მაყურებელთან შეხვედრის ტრადიციულ დროს, 19:00 საათზე, სოციალურ ქსელ „ფეისბუქსა“ და „იუთუბიზე“, სწორედ ზემოხსენებული სპექტაკლი დაიდება.შეგახსენებთ, დენის კელის ნაწარმოების მიხედვით, გორის თეატრის ექსპერიმენტულ სივრცეში სპექტაკლი 2016 წლის 11 დეკემბერს დაიდგა. წარმოდგენა ერთმოქმედებიანია და მასში სოფი მაიერი, შოთა ხანჯალიაშვილი და სოსო მგალობლიშვილი მონაწილეობენ. სპექტაკლი 12 წლის ზემოთ მყოფი ასაკის მაყურებელზეა გათვლილი. როგორც გ. ერისთავის სახელობის თეატრში აცხადებენ, მაყურებელთან ვირტუალურ შეხვედრებს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე აგრძელებენ.