06.05.2020 12:17
COVID 19-ით ინფიცირებული პირი რომელიც სახლში მკურნალობდა გამოჯანმრთელდა
საქართველოში გამოჯანმრთელდა COVID 19-ით ინფიცირებული პირი, რომელიც სახლში მკურნალობდა, - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.
„პაციენტი, რომელიც ჩვენ მიერ დადგენილი შინ მკურნალობის პროტოკოლით ხელმძღვანელობდა, გამოჯანმრთელდა. ამჟამად სხვა არავინ მკურნალობს სახლში და ამის საჭიროება რეალურად არ დგას. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მედგრად უძლებს ინფიცირებულთა იმ რაოდენობას, რაც ახლა გვყავს. ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ქვეყანაში კარგად არის მართული, იმიტომ, რომ დაავადებული ადამიანები მკურნალობას ჰოსპიტალში გადიან და შესაბამისად ჯანმრთელი პირებისგან იზოლირებულები არიან. ამასთან, მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობა მიმდინარეობს მათ ჯანმრთელობაზე. როგორც ცნობილია, ამ დაავადებას ახასიათებს ძალიან მოულოდნელი და სწრაფი დამძიმება. როდესაც დამძიმებისკენ პროგრესირებს შემთხვევა, ადრეულ ეტაპზე ხდება მათი გამოვლენა და ადეკვატური მართვა კლინიკური სპეციალისტების მიერ“, - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა შინ მკურნალობის პროტოკოლი, რომლის თანახმადაც, COVID 19-ით ინფიცირებული მსუბუქი პაციენტების მართვა პირველადი ჯანდაცვის რგოლს, ოჯახის ექიმებს და თავად პაციენტებს დაეკისრათ.