სპორტი
06.05.2020 09:40
სად იბრძოლებს ლადო ხინჩეგაშვილი ოლიმპიადის საგზურის მოსაპოვებლად

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ (UWW) გადავადებული ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო შეჯიბრებების მასპინძლებად უნგრეთი, მაროკო და ჩინეთი დატოვა.

გადაწყდა, რომ უწინდელი გეგმის მიხედვით, ისევ ამ ქვეყნებში ჩატარდება ის სალიცენზიო ტურნირები, რომლებიც ტოკიოს ოლიმპიადის მონაწილეებს გაარკვევს, თუმცა, შეიცვალა დრო და ეს შეჯიბრები მომავალ წელს შედგება.

გორელ თავისუფალი სტილის მოჭიდავეთაგან, გენო პეტრიაშვილს აქვს ოლიმპიადის ლიცენზია აღებული, ლადო ხინჩეგაშვილი კი, სწორედ აღნიშნულ შეჯიბრებათაგან ერთ–ერთზე შეეცდება საგზურის მოპოვებას.

უფრო ზუსტად, ხინჩეგაშვილი სხვა ევროპელ მოჭიდავეებთან ერთად, უნგრეთის ტურნირზე იბრძოლებს ლიცენზიისათვის. აზიელები ჩინეთის, აფრიკა და ოკეანეთი კი, მაროკოს ტურნირზე გაარკვევენ ლიცენზიანტთა ვინაობას.

თუმცა, სალიცენზიო პაექრობები ამით არ სრულდება. ამის შემდეგ იქნება ბულგარეთის ტურნირი, სადაც ტოკიოს ოლიმპიადის დარჩენილი საგზურებიც გათამაშდება ყველა კონტინენტის მოჭიდავეთათვის.

ვფიქრობთ, ლადოს ბულგარეთამდე არ უნდა დასჭირდეს ლოდინი და ადრევე უნდა შეძლოს ოლიმპიადის საგზურის აღება.

დღესდღეობით, ჭიდაობაში ოლიმპიადის საგზურების ნახევარია გაცემული. ისინი აქამდე მხოლოდ ერთ შეჯიბრებაზე, კერძოდ შარშადელ მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიცა და ქართველთაგან ოთხმა შეძლო მოპოვება. ესენია: გენო პეტრიაშვილი და ელიზბარ ოდიკაძე (ორივე – თავისუფალი ჭიდაობა), გიორგი მელია და იაკობ ქაჯაია (ბერძნულ – რომაული ჭიდაობა).

კვირის ამბები