საზოგადოება
05.05.2020 22:55
მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო შიდა ქართლში მომუშავე ექიმებს, ექთნებს, სასწრაფო დახმარების პერსონალს, ეპიდემიოლოგებს - გუბერნატორი

შიდა ქართლის გუბერნატორი გიგი ხოჯევანიშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე წერს და მაღალი სამოქალაქო და პროფესიული პასუხისმგებლობისთვის მადლობას უხდის რეგიონში მომუშავე სამედიცინო პერსონალს.

,,უკვე ორ თვეზე მეტია უჩვეულო რეალობაში გვიწევს ცხოვრება. კორონავირუსის გავრცელებამ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში ჩვენს გარშემო ბევრი რამ შეცვალა და ცხოვრების სხვა რიტმზე გადაგვიყვანა. ყოველდღიურად გვიწევს ბრძოლა და ამ ბრძოლის წინა ხაზზე, პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალი დგას. მინდა, მადლობა გადავუხადო მათ, მაღალი სამოქალაქო და პროფესიული პასუხისმგებლობისთვის, ყოველდღიური გმირობისთვისა და თავგანწირვისთვის. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიმართულებით საქართველო ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა, ამ მაჩვენებელს კი მთავრობის დროული გადაწყვეტილებების და სწორი მენეჯმენტის, სამედიცინო პერსონალის დაუღალავი შრომითა და მოქალაქეთა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით მივაღწიეთ. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო შიდა ქართლში მომუშავე ექიმებს, ექთნებს, სასწრაფო დახმარების პერსონალს, ეპიდემიოლოგებს, სამედიცინო სექტორის ყველა წარმომადგენელს, ვინც ყოველდღიურად ჩართულია პროცესში და ღირსეულად უმკლავდება არსებულ გამოწვევას. გახსოვდეთ, რომ ყოველთვის გქონდეთ ჩვენი მხარდაჭერის და თანამშრომლობის იმედი. მინდა გამძლეობა და ჯანმრთელობა გისურვოთ, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას. ასევე, მადლობას ვუხდი თითოეულ იმ მოქალაქეს, ვინც იცავს დადგენილ რეკომენდაციებს და ამით ადამიანების სიცოცხლეს უფრთხილდება”, - წერს რეგიონის გუბერნატორი სოციალურ ქსელში.

კვირის ამბები