გორის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის ბოსტნეულისა და მარცვლეულის მოსავლის მოყვანის მიზნით დამუშავებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ფართობი მნიშვნელოვნად გაიზარდა, - აღნიშნულის შესახებ GMnews-თან სოფლისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა განაცხადა. მამუკა ლომსაძის თქმით, ზემოხსენებულ სტატისტიკაზე გავლენა, გარკვეულწილად, მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული შიშის ფაქტორმაც იქონია და მოსახლეობის დიდმა ნაწილმა საკუთარი მეურნეობების წამოწყება სწორედ საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის მიზნით გადაწყვიტა.
„მაგალითისთვის გეტყვით, რომ ამ ეტაპზე, გორის მუნიციპალიტეტში სიმინდის თესვის სამუშაოები მიმდინარეობს. წინა წლებთან შედარებით, ამ მარცვლეულის მოსაყვანად დამუშავებული ფართობების რაოდენობა კი, 3,5 ათასი ჰექტრიდან 5 ათასამდე გაიზარდა. ამასთან, მოსახლეობა უკვე ზრუნავს ბოსტნეულის საადრეო ჩითილებზეც. მოგეხსენებათ, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებდა აგროქიმიკატებისა და პესტიციდების სავაჭრო ობიექტები, რის გამოც, მეურნე-ფერმერებს მიწის სავარგულების დამუშავების პროცესში დაბრკოლება არ შეხვედრიათ. რაც, ბუნებრივია, მოსავლის ხარისხზე და რაოდენობაზე დადებითად აისახება,“ - განაცხადა GMnews-თან საუბრისას მამუკა ლომსაძემ.