საზოგადოება
05.05.2020 13:19
გორიჯვრის წმინდა გიორგის ეკლესიაში ასვლას მომლოცველები ქვეითად და შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით შეძლებენ

გორიჯვრის წმინდა გიორგის ეკლესიაში ასვლას მომლოცველები ქვეითად და შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით შეძლებენ, - აღნიშნულის შესახებ მხარის რწმუნებულმა განაცხადა.

„ხვალ, 6 მაისს, გიორგობას, გორიჯვრის ეკლესიისკენ ასასვლელი გზა საავტომობილო ტრანსპორტისთვის გადაიკეტება და ადგილზე მდგომარეობას საპოლიციო ძალები გააკონტროლებს. რაც შეეხება ქვეითებს, მომლოცველები ეკლესიაში ასვლას ფეხით შეძლებენ, თუმცა, ყველას მოუწევს ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული რეკომენდაციების დაცვა - ეს იქნება დისტანცია, ადამიანების შეკრების შეზღუდვა თუ დახურულ სივრცეში პირბადის გამოყენება“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა.

მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ, 6 მაისს, წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავს. წმინდა საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და იგი საქართველოში გამორჩეულად უყვართ. 

გიორგობას, 6 მაისს, განსაკუთრებულად აღნიშნავენ გორში. გორელ მორწმუნეთა უმრავლესობა გორიჯვრის მთაზე მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მიდის.

წმინდა გიორგი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, იგი, რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს, მხედართმთავარი გახდა.

კვირის ამბები