მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არაერთ პროექტს ახორციელებს, მათ შორისაა „წარჩინებულ მოსწავლეთა მედლების ქვეპროგრამა“, რომლის თანახმადაც, მოსწავლე, რომლის აკადემიური მოსწრება საშუალო საფეხურზე დამრგვალების გარეშე 10 ქულაა, ოქროს მედალსა და შესაბამის სერტიფიკატს დაიმსახურებს.
როგორ მოხდება საჯარო სკოლებში მედალოსნების შეფასება არსებული ვითარებიდან გამომდინარე და არის თუ არის ცნობილი, სავარაუდოდ, რამდენი მედალოსანია წელს გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში - აღნიშნულის შესახებ, GMnews-ს, გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნანა ტერმაკოზაშვილი ესაუბრა.
„ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი მდგომარეობის გამო, მიმდინარე სასწავლო წელს მოსწავლეთა შეფასება, რა თქმა უნდა, ვერ მოხდება ჩვეულებრივი წესით. მათ შორის მედალოსნობის კანდიდატების შეფასებაც მოხდება განსხვავებულად. განათლების სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურა მუშაობს ამ საკითხზე და უახლოეს მომავალში ველოდებით რეკომენდაციებს. დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული მოსწავლეთა ინტერესები. რაც შეეხება მედალოსნების რაოდენობას, კანდიდატების ვინაობა და მათი ბოლო სამი წლის შეფასებები ჩვენთან მაისის ბოლოს იგზავნება. სიების დასაზუსტებლად კი, ივნისის თვე გვაქვს. ასე რომ, ჯერ რაოდენობაზე ვერაფერს გეტყვით“, - განაცხადა GMnews-თან ნანა ტერმაკოზაშვილმა.
გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მედალოსნების რაოდენობის წინა წლების საშუალო სტატისტიკა 180-დან 220 მოსწავლემდე მერყეობს.