ვირუსული ინფექციის სიმპტომებით, ტელეკომპანია ,,დიას“ ჟურნალისტი შოთიკო სადაღაშვილი ,,გორმედის“ ქსელის ქარელის ცენტრალური საავადმყოფოს ცხელების ცენტრში ორი დღის განმავლობაში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. მედიის წარმომადგენელს Covid 19-ით ინფიცირება არ დაუდასტურდა. სადაღაშვილი ცხელების ცენტრში გატარებული 2 დღის და საკუთარი განცდების შესახებ სოციალურ ქსელ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
,,მოკლედ, სამი დღე და ორი ღამე ვიყავი გორმედის ქსელის ქარელის ცენტრალურ საავადმყოფოში. მაღალი ტემპერატურის და იმის გათვალისწინებით, რომ ვმუშაობ ჟურნალისტის პოზიციაზე და ბევრი კონტაქტი მაქვს, 112-ის ოპერატორმა და ოჯახის ექიმმა ჩათვალა საჭიროდ, ცხელების ცენტრში ჩამტარებოდა კვლევა covid-19-ის ინფექციაზე. სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი. გათენებული ღამეები და ფიქრები, მხოლოდ კორონავირუსზე, ასევე იმ კონტაქტებზე, ვისთანაც ბოლო პერიოდში კომუნიკაცია მქონდა (საბედნიეროდ ეს რიცხვები, არც თუ ისე ბევრი იყო).
24 საათში ალბათ სულ 2 საათი თუ მეძინებოდა, ისიც გადასხმების შემდეგ და ამ ორ საათშიც მხოლოდ კოშმარებს ვხედავდი. ნერვიულობისგან არ ვიცოდი რა მექნა, პალატაში დავდიოდი და საათს ვუყურებდი რომ ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილ პასუხს კიდევ დიდი ხანი დაეგვიანა, რადგან ღრმად მჯეროდა, რომ პასუხი დადებითი მოვიდოდა.
ამ დროის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ერთი მეორის მონაცვლეობით შემოდიოდნენ ექიმები, ექთნები, კლინიკის მენეჯერი და დამლაგებელი. სავარაუდოდ ჩემნაირი პაციენტი არც თუ ისე ცოტა ჰყოლიათ და ამიტომ მარტივად მიხვდნენ ჩემს ემოციებს. 10 წუთში ერთხელ შემოდიოდნენ და საკუთარი დედა რომ დამამშვიდებდა სწორედ ასე მამშვიდებდნენ . ასეთი ადამიანური გრძნობები საავადმყოფოში პირველად ვნახე, ისე მელაპარაკებოდნენ ყველა, თითქოს ფსიქოლოგს ვუსმენდი, რომელიც სტრესის დაძლევაში მეხმარებოდა.
სამედიცინო დაწესებულებაში მარტო ვიყავი, ფული ბარათზე მქონდა და საჭმლის საყიდლად ბუნებრივია ვერ გავდიოდი, ერთ-ერთმა ექიმმა შემომთავაზა დახმარება ,,მანქანით ვარ და შემიძლია საჭმელი მოგიტანოო" გული გამითბა, ვერ წარმოვიდგენდი ასეთი ადამიანები მედიცინაში კი არა, ზოგადად, ქვეყანაში თუ კიდევ არსებობდნენ.
უამრავი სმს-ი, ზარი, მოკლედ, ძალიან ბერვი ადამიანი მეკონტაქტებოდა, მკითხილობდა. ყველაზე მეტად იმ ადამიანის ზარი მიხაროდა, რომელიც ყველაზე მეტად იყო დარწმუნებული ჩემს ჯანმრთელობაში, ადამიანის, რომელიც კი არ მამშვიდებდა, უბრალოდ იცოდა, სჯეროდა ყველაფერი კარგად იქნებოდა და რაც მთავარია, მარწმუნებდა ჩემს ძალებში შესაძლებლობებში, მოკლედ, მასწავლიდა სირთულეების გადალახვას და ამ მძიმე დღეებში კიდევ უფრო მეტად მივხვდი, რომ ასეთი ადამიანები ჩემს ცხოვრებაში ერთეულები არსებობენ.
მოკლედ, სტრესი დაძლეულია და ვთვლი, ამ დღებმაც საკმაოდ ბევრი მასწავლა. რაც მთავარია კორონავირუსი არ დამიდასტურდა. მე კი კიდევ ერთხელ, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, გორმედის ქსელის, ქარელის საავადმყოფოს ექიმებს, ხელმძღვანელებს, დამლაგებლებს, სანიტრებს, მოკლედ, ყველას იმისთვის, რომ ასეთი კარგები, მაგრები და საამაყოები არიან!
ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მუდმივად ინტერესდებოდით ჩემი მდგომარეობით და მადლობა, ჩემს უმაგრეს მეგობრებს!“, - წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.