საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე „საგადასახადო კოდექსში“ შესატანი ცვლილებებისა და მთავრობის დადგენილების ინიცირება მოხდება, რაც საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირებას და უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების დახმარებას მოიცავს, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა.
„დღეს მთავრობის ერთ-ერთი განხილვის საგანი იქნება ის სოციალურ-ეკონომიკური ღონისძიებები, რომელიც ჩვენ უკვე დავგეგმეთ და წარვუდგინეთ საზოგადოებას. დღეს მოვახდენთ როგორც „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების, ასევე მთავრობის დადგენილების ინიცირებას. „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები შეეხება იმ მასტიმულირებელ ღონისძიებებს, რომელიც გათვალისწინებულია საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირების თვალსაზრისით კომპანიებისთვის, რომელიც პირდაპირაა მიმართული, რომ ქვეყანაში მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები. ხოლო მთავრობის დადგენილება მიმართული იქნება იმ სოციალური ღონისძიებების დასამტკიცებლად, რომელიც გულისხმობს იმ მოქალაქეების მხარდაჭერას, რომლებმაც სამსახური დაკარგეს. მერწმუნეთ, ყველა ის ადამიანი, ვინც სამსახური დაკარგა, მიიღებს ასეთ მხარდაჭერას,“ - აღნიშნა გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე.