არსებული ვითარების მიუხედავად, შიდა ქართლში არ შეუწყვეტია მუშაობა იმ საწარმოებს, რომლებიც მოსახლეობისთვის პირველადი მოხმარების პროდუქციას აწარმოებენ, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა. გიგი ხოჯევანიშვილი გორში მოქმედი რძის გადამამუშავებელი საწარმოს მუშაობის პროცესს, არსებულ რესურსებს და საწარმოო პირობებს გაეცნო.
საწარმო ,,ნებიერა“ უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და რძის პროდუქტებით, შიდა ქართლის გარდა, ბორჯომის მუნიციპალიტეტსაც ამარაგებს.
,,არსებული ვითარების მიუხედავად, შიდა ქართლში არ შეუწყვეტია მუშაობა იმ საწარმოებს, რომლებიც ჩვენი მოსახლეობისთვის პირველადი მოხმარების პროდუქციას აწარმოებენ. ერთ-ერთი ასეთია ,,ნებიერა“, რომლის პროდუქციის გავრცელებაც ადგილობრივ ბაზარზე ხდება და საწარმო საქართველოში მოქმედი ყველა რეგულაციის დაცვით აგრძელებს მუშაობას“,- განაცხადა მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა. გორის რძის გადამამუშავებელ საწარმოში 15 ადამიანია მუდმივად დასაქმებული, პარალელურად, ,,ნებიერა“ დუალური პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის პროგრამაში მონაწილეობს და სტუდენტები რძის პროდუქტების წარმოებას ეუფლებიან.