საზოგადოება
02.05.2020 15:13
გორის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში ეპიდკვლევები გრძელდება, მოხდება დამატებითი ნიმუშების გაგზავნა ლუგარის ცენტრში - გიგი ხოჯევანიშვილი

ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს თერმოსკრინინგი ორ სოფელში, ეპიდკვლევების საფუძველზე, დამატებითი ნიმუშები გაიგზავნება ლუგარის ცენტრში, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა.

გიგი ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, იმ სოფლების ჩაკეტვა, სადაც 5 დადასტურებული შემთხვევაა, არ იგეგმება.

,,გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე ეპიდკვლევების საფუძველზე, დამატებით, 17 ნიმუში გაიგზავნა ლაბორატორიაში, რომელთაგან ერთი დადასტურებული შემთხვევაა. პირს, რომელსაც ახალი კორონავირუსული ინფექცია დაუდგინდა, მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა ერთ-ერთ ინფიცირებულთან, შესაბამისად, გარკვეულწილად რისკჯგუფს წარმოადგენდა და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ამჟამად, გორის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, სადაც დადასტურებული შემთხვევებია, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს თერმოსკრინინგი, რომ ინდივიდუალურად შეფასდეს აქ მცხოვრებთა მდგომარეობა. პარალელურად, ეპიდკვლევების საფუძველზე, მოხდება დამატებითი ნიმუშების გაგზავნა ლუგარის ცენტრში. თვითიზოლაციაში რჩება 80-ზე მეტი პირი, რაც შეეხება სოფლების ჩაკეტვას, ამ დროისთვის არსებული მდგომარეობის და ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციების საფუძველზე, ჯერჯერობით არ განიხილება“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა.

გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსული ინფექციის მეხუთე ფაქტი დღეს დილით დადასტურდა. Covid-19 ჰოსპიტალის ინფიცირებულ მედდასთან კონტაქტში მყოფ კიდევ ერთ პირს დაუდგინდა.

გორში პირველი ინფიცირებული ჰოსპიტალის მედდა იყო, რომელსაც ახალი კორონავირუსი 29 აპრილს დაუდასტურდა.

მთლიანობაში, ინფიცირების 5 შემთხვევა ორ სოფელში - თერგვისსა და ფლავში ფიქსირდება.

კვირის ამბები