თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალის კოვიდინფიცირებულ მედდასთან პირდაპირ კონტაქტში მყოფი პირების ნიმუშებზე პასუხები უარყოფითია. ამ დროისთვის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 4 დადასტურებული შემთხვევაა - ჰოსპიტალის თანამშრომელი და მასთან ნათესაურ კავშირში მყოფი სამი პირი.
სხვა ნიმუშებზე, რომლებიც ლუგარის ლაბორატორიაში ბოლო ორი დღის განმავლობაში გაიგზავნა, პასუხები უარყოფითია.
პირველად ინფიცირებულთან პირდაპირ და არაპირდაპირ კონტაქტში მყოფი 80-ზე მეტი ადამიანი კვლავ თვითიზოლაციაში რჩება.
რაც შეეხება არაოფიციალური წყაროებით გავრცელებულ ინფორმაციას გორის რაიონის საკარანტინო ზონად გამოცხადებასა და ჩაკეტვასთან დაკავშირებით, მხარის რწმუნებული აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
,,ამ დროისთვის, ახალი შემთხვევები არ გვაქვს, ეპიდემიოლოგებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლების მხრიდან ჩატარებული სამუშაოების საფუძველზე, დადგენილია პირველად და შემდგომ ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი, ჩატარდა ღრმა ეპიდკვლევა, თვითიზოლაციაშია რამდენიმე ათეული ადამიანი და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, ამ ეტაპზე არ გვაქვს ისეთი რისკები, რომ რომელიმე ადმინისტრაციული ერთეული ჩაიკეტოს. თუ მდგომარეობა შეიცვლება, აღნიშნულ საკითხზე რეგიონში მოქმედი შტაბი იმსჯელებს და პრემიერის ხელმძღვანელობით მოქმედ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა გიგი ხოჯევანიშვილმა.