კულტურა
01.05.2020 13:34
გორის თეატრის ონლაინსივრცეში მაყურებელს სპექტაკლი „კონვერტი“ ელოდება
კვირას, 3 მაისს, თეატრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე დაიდება სპექტაკლი „კონვერტი “, - აღნიშნულ ინფორმაციას გიორგი ერისთავის სახელობის გორის დრამატული თეატრი ავრცელებს.
სასცენო ხელოვნების მოყვარულებს თანამედროვე რეჟისორის, სოსო ნემსაძის სასცენო ნამუშევარი 19:00 საათზე შეუძლიათ იხილონ. იტალიელი მწერლის - სპირო შიმონეს ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლი - „კონვერტი“ - უფროსი ასაკის მაყურებელზეა (16+) გათვლილი. ერთმოქმედებიან წარმოდგენაში არჩილ მაკალათია (მოქალაქე), სოსო მგალობლიშვილი (მდივანი), გიორგი გოგუაძე/ლევან ჯამბრიშვილი (მზარეული), ნიკა მოსიაშვილი და კობა კოპაძე (ორეული) მონაწილეობენ.
გორის თეატრის სცენაზე, იტალიელი ავტორის სპირო შიმონეს „კონვერტი" საავტორო უფლებების დაცვით, ევრო ტურნეს ფარგლებში, 2017 წლის 31 ივლისს დაიდგა. სცენარი ექსპერიმენტალურ სპექტაკლთა რიგს განეკუთვნებოდა, თუმცა, ტექნიკური სირთულის გამო, მე-3 სივრცის ნაცვლად დიდ სცენაზე გათამაშდა.
შეგახსენებთ, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულმა თეატრმა სპექტაკლების ვიდეოჩანაწერების ჩვენება სოციალური ქსელ „ფეისბუქსა“ და „იუთუბიზე“ 28 მარტს დაიწყო.
კვირის ამბები