სამართალი
01.05.2020 13:06
პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 156 ახალი ფაქტი გამოავლინა

პოლიციამ 30 აპრილის 21 საათიდან 1-ელი მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 88 მოქალაქე დააჯარიმა. მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 7 პირი დააჯარიმეს.

გარდა ამისა, უწყების ცნობით, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 61 მოქალაქე დაჯარიმდა. საერთო ჯამში კი, გასული 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველებმა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 156 ფაქტი გამოავლინეს.

ცნობისთვის, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას - ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის - 15 000 ლარით.

კვირის ამბები