ვმუშაობთ, რომ საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც უცხოელი ტურისტებისთვის გაიხსნება - ნათია თურნავა
„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად იმისთვის, რომ ძალიან მკაცრი გაიდლაინების დანერგვის პირობებში, საქართველოს ტურისტული ბაზარი იყოს უსაფრთხო და ერთ-ერთი პირველი, რომელიც უცხოელი ტურისტებისთვის გაიხსნება. რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია მხოლოდ მკაცრი კონტროლის პირობებში," - ამის შესახებ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან ონლაინ-შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, პანდემიით გამოწვეული კრიზისის შედეგად, ტურიზმის ინდუსტრია განსაკუთრებით დაზარალდა და ამიტომ განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს.
„ჩვენ კრიზისის პირველივე დღიდან ვეხმარებით ტურისტულ ინდუსტრიას და ვუწევთ სხვადასხვა სახის შეღავათს, მაგრამ დღეს ეს აღარ არის საკმარისი. ტურისტულ ინდუსტრიას ჭირდება გარკვეული დრო, სანამ არ გახდება ისეთივე მომგებიანი და მიმზიდველი, როგორიც კრიზისამდე იყო. ამავდროულად ჩვენ საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი იმ თვალსაზრისით, რომ საქართველო იქნება ერთერთი პირველი ქვეყანა, რომელიც დაამარცხებს ეპიდემიას და გახსნის საზღვრებს. აღნიშნულის მისაღწევად აქტიურად ვმუშაობთ ტურიზმის მხარდაჭერის პროგრამაზე, რომელიც მოიცავს როგორც ახლა განსახორციელებელ ანტიკრიზისულ ზომებს, ასევე სამომავლო სტიმულირების ინსტრუმენტებსაც“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, შეხვედრები ტურიზმის სექტორთან სამომავლოდაც გაგრძელდება, რათა დარგის წინაშე არსებული პრობლემური საკითხები სწრაფად და ეფექტურად გადაიჭრას.