საზოგადოება
30.04.2020 11:50
გორის აგრარულმა ბაზარმა მუშაობა განაახლა

გორში, წმინდა წყლის დასახლებაში მდებარე აგრარულმა ბაზარმა დღეიდან მუშაობა განაახლა.

სავაჭრო დაწესებულებაში მიმდინარეობს მომხმარებელთა თერმოსკრინინგი, სატვირთო ავტომანქანები კი - სადეზინფექციო ხსნარით მუშავდება. ბაზრის ადმინისტრაცია ვალდებულია, COVID 19-ით ინფიცირების პრევენციის მიზნით მომხმარებელთა ნაკადის დაცვა უზრუნველყოს, სწორედ ამ მიზნით, სავაჭრო ობიექტის შესასვლელი და გასასვლელი შესაბამისი ნიშნების მითითებით გაიმიჯნა.

ბაზრის ადმინისტრაციის განმარტებით, სისტემატიურად ჩატარდება სავაჭრო ობიექტის დეზინფექცია, ბაზრის ტერიტორიაზე მყიდველები პირბადის და ერთჯერადი ხელთათმანის გარეშე არ დაიშვებიან. ასევე, მკაცრად უნდა იყოს დაცული სოციალური დისტანცია. ბაზრის ადმინისტრაცია მოვაჭრეებსა და მომხმარებლებს წესებისა და რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

დადგენილი წესების დაცვა მკაცრად გაკონტროლდება შესაბამისი სამსახურების მიერ.

კვირის ამბები