სამართალი
29.04.2020 19:54
რუის-ურბნისის ეპარქიის სასულიერო პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ორი მუხლით ბრალდებულ, 1986 წელს დაბადებულ კობა კობაიძეს (მამა დავითს) აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლო პროცესზე, რომელიც დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა, ბრალდების მხარე, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი, პროკურორ მიხეილ ბერიაშვილის მოსაზრებას კატეგორიულად არ იზიარებდა და დავით კობაიძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, ამასთანავე, დაცვის მხარემ სასამართლოს წინაშე გირაოს გამოყენების საკითხიც დააყენა.

რაც შეეხება თავად კობა კობაიძეს, ბრალდებული სასულიერო პირი დუმილის უფლებას იყენებს, შესაბამისად, დაკავებული სქიმმონაზონი ორი მუხლით წარდგენილ ბრალზე არაფერს ამბობს.

ბრალდებულის უფლებებს ორი ადვოკატი იცავს - ალექსანდრე კობაიძე და ბექა ნემსიწვერიძე. მათი განცხადებით, საქმის მასალებში საკმარისი მტკიცებულებები არ არის, რასაც კატეგორიულად არ ეთანმხმება პროკურატურა.

ცნობისთვის, კობა კობაიძეს (მამა დავითი, ყინწვისის მამათა მონასტრის კეთილმოწესე) ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა დავით (კობა) კობაიძემ გორის რაიონის სოფელ რიეთის საავტომობილო გზაზე გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა დაზარალებულის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გრძელდება, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წინასასამართლო სხდომა 22 ივნისს გაიმართება.

კვირის ამბები