ამ ეტაპზე, გორში, წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე არსებული ბაზარი აკმაყოფილებს სრულად სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნებს და შესაბამისად, ხვალიდან შეძლებს ფუნქციონირების გაგრძელებას, - ეს განცხადება შიდა ქართლის გუბერნატორმა აგრარულ ბაზრებში არსებული მდგომარეობის გაცნობის შემდეგ გააკეთა. გიგი ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, რეგიონის ხუთივე ბაზარი გაიღება, თუ სრულყოფილად დააკმაყოფილებენ ყველა დადგენილ წესს.
„რეგიონის ღია აგრარული ბაზრები ფუნქციონირების გაგრძელებას შეძლებენ, თუ ყველა რეკომენდაციას დაიცავენ. ამ ეტაპზე, გორში, წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე არსებული ბაზარი აკმაყოფილებს სრულად სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნებს და შესაბამისად, ხვალიდან შეძლებს ფუნქციონირების გაგრძელებას. ბაზრის ადმინისტრაცია ვალდებულია, COVID 19-ით დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად უზრუნველყოს მომხმარებელთა ნაკადის დაცვა, რისთვისაც სავაჭრო ობიექტის შესასვლელი და გასასვლელი გაიმიჯნა შესაბამისი ნიშნების მითითებით. ასევე, სავაჭრო ობიექტის ტერიტორიის დეზინფექცია უნდა განხორციელდეს ინტენსიურად, ბაზრის ფინქციონირების გსნახლების შემდეგ, ტერიტორიაზე მყიდველები პირბადის და ერთჯერადი ხელთათმანის გარეშე არ დაიშვებიან. დადგენილი წესების დაცვა მკაცრად გაკონტროლდება", - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა.
შიდა ქართლის გუბერნატორთან ერთად, გორის აგრარულ ბაზრებში არსებულ მდგომარეობას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები დღეს გაეცნენ.
ცნობისთვის, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, შიდა ქართლში მოქმედი ხუთი აგრარული ბაზარი 4 აპრილს დაიკეტა.