ორგანიზაცია ფაო ატენის თემის მოსახლეობისა და კოოპერატივებისთვის საგრანტო კონკურსს აცხადებს
გორის მუნიციპალიტეტში, ატენის თემის მოსახლეობისა და კოოპერატივებისთვის, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია FAO აგრარული მიმართულებით საგრანტო კონკურსს იწყებს. Gmnews-ის ინფორმაციით, სოციალურ-ეკონომიკური პროექტი სასოფლო-სამეურნეო მიმართულების ინფრასტრუქტურული ინიციატივების დაფინანსებას ითვალისწინებს. ბენეფიციარებისთვის გადასაცემი თითოეული გრანტის მაქსიმალური ოდენობა კი, განსაზღვრულია 10 000 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარში (გრანტი აფინანსებს საინვესტიციო ბიუჯეტის 75%-ს; დარჩენილი 25% ბენეფიციარის მხრიდან უნდა დაიფაროს, ფულადი ან შრომითი კონტრიბუციის სახით).
„აღნიშნული საგრანტო კონკურსი ავსტრიის მთავრობის მიერ დაფინანსებული და FAO-ს მიერ განხორციელებული „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის“ ერთ-ერთი მიმართულებაა. პროექტი მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის გაძლიერების, სურსათის წარმოების გაზრდის და სოფლად სიღარიბისა და სოციალური უთანასწორობის შემცირების ხელშეწყობას. პროექტი, ასევე, ითვალისწინებს ზემოთ ჩამოთვლილ თემებში ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფების ჩამოყალიბებას, სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობას, ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების თანამშრომლების გადამზადებას და ადგილობრივებისთვის გარემოსადმი მეგობრული სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკების გაცნობას, რაც მდგრადი ეკოსისტემების ჩამოყალიბებას და გარემოზე მინიმალური ზიანის მიყენებას ითვალისწინებს“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კონკურსში მონაწილეობისთვის განცხადების წარდგენა შესაძლებელია 30 აპრილიდან 20 მაისის ჩათვლით. დაინტერესებულმა პირებმა კი, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულ სამსახურს უნდა მიმართონ.
საგრანტო კონკურსის შესახებ ინფორმაციის მიღება, ასევე, შესაძლებელია ნომერზე: 577 080 500
ატენის თემთან ერთად, მსგავს პროექტებს, FAO ქვეყნის სხვა რეგიონებში - ფლევის, ტვიშისა და სორის თემშიც განახორციელებს.