სპორტი
29.04.2020 15:04
სად გავჩერდით? ფიქრები ეროვნული საფეხბურთო ლიგის განახლებაზე

საქართველოს მთავრობის მიერ ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის შემდეგ ყველა სფეროში დაიწყო მსჯელობა იმის თაობაზე, თუ როგორ შეძლებენ პანდემიის გამო შეწყვეტილი საქმიანობის განახლებას. ცხადია, ასეა სპორტშიც.

ვიდრე შეწყვეტილი სპორტული სეზონის გაგრძელებაზე ვისაუბრებთ, ის უნდა გავიხსენოთ, თუ სად გავჩერდით.

მოდით, ამჯერად, საქართველოში ყველაზე პოპულარულ გუნდურ სათამაშო სახეობას შევეხოთ და რა თქმა უნდა, ჩვენი ქალაქის ჭრილში განვიხილოთ.

მაშ ასე, სად გაჩერდა ფეხბურთი?

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა, რომელშიც გორის ,,დილა" ასპარეზობს – ჩემპიონატის სტარტის აღებიდან 2 ტურში შეწყდა. არადა, გორელებს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ საშინაო მატჩი არ ჩაუტარებიათ, სტარტი კარგი გამოუვიდათ.

,,დილამ" პირველ ტურში სტუმრად ქუთაისის ,,ტორპედოს" სძლია 2:0, შემდეგ კი, თელავში, ადგილობრივ კლუბთან ფრედ ითამაშა 1:1. განვლილი ორი ტურის შედეგებით ,,დილა" სატურნირო ცხრილის მეორე საფეხურზეა.

მხოლოდ ერთი ტურის გამართვა მოხერხდა მესამე ლიგაში, სადაც კიდევ ერთ გორული კლუბი - ,,გორი" ასპარეზობს. ეს ერთადერთი შეხვედრა გორელებმა საგარეჯოში ჩაატარეს ,,გარეჯთან" და ანგარიშით 1:1 დასრულდა.

იძულებითი პაუზის შემდეგ, დროებით შეწყვეტილი ჩემპიონატების გაგრძელება ევროპაში უფრო ძნელი იქნება. არა მხოლოდ იმის გამო, რომ იქ გაცილებით რთულად დგას ვირუსის გავრცელების პრობლემა, საქმე იმაშია, რომ ბებერ კონტინენტზე საფეხბურთო ჩემპიონატები დებულებით აგვისტო–სექტემბერში იწყება და მაისში მთავრდება. ახლა, ამ ქვეყნებში, ფაქტობრივად, 2 თვის კალენდარული მატჩები აქვთ ცასატარებელი, ეს კი, სრულად რომ გამართონ, უკვე ახალი ჩემპიონატის დაწყების დროც მოვა. ამიტომაა, რომ საფრანგეთის და ნიდერლანდების ფეხბურთის მესვეურებმა უკვე ოფიციალურად გამოაცხადეს, რომ შეწყვეტილი ჩემპიონატი აღარ განახლდება და ახალზე უნდა იზრუნონ.

როგორ გამოსავალს მოიფიქრებენ სხვა ევროპული ქვეყნები, ამას დრო გვიჩვენებს, საქართველოში კი უფრო რეალური ჩანს დაწყებული ჩემპიონატის ნორმალურ რეჟიმში ბოლომდე მიყვანის საქმე.

დებულების მიხედვით, საქართველოში სეზონი მარტში იწყება და დეკემბერში სრულდება. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩვენთან ჯერ მხოლოდ 2 ტურია ჩატარებული და დეკემბრამდე იმდენი დროა, რომ კალენდარის მცირედით შეკვეცაც მისცემს ფეხბურთის ფედერაცის სეზონის ბოლომდე მიყვანის საშუალებას.

კვირის ამბები