28.04.2020 13:31
ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აბიტურიენტებმა ეროვნული გამოცდები კოვიდ 19-ით დაინფიცირების რისკების გარეშე ჩააბარონ - ხათუნა ზახაშვილი
ჩვენ ყველანაირ ღონისძიებას დავსახავთ განათლების სამინისტროსთან ერთად, რომ ის 3-4-საათიანი გამოცდა, რომელზეც აბიტურიენტებს მუშაობა უწევთ, უსაფრთხოდ ჩატარდეს - ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.
„ამ მიმართულებით უკვე დავიწყეთ მუშაობა, განათლების სამინისტროსთან ერთად ვმსჯელობთ, თუ როგორ იქნებიან ის ადამიანები უფრო მეტად დაცულები, რომლებიც გამოცდების ჩასაბარებლად საგამოცდო ცენტრებში მივლენ. მოგეხსენებათ, მას შემდეგ, რაც კოვიდ 19-ის გავრცელება დაიწყო, მართლაც უჩვეულო გარემოში მოუწიათ სწავლა, მზადება ეროვნული გამოცდებისთვის, უმრავლეს მათგანს უჩვეულო გარემოში მოუწევს სკოლის დამთავრება, რომ აღარაფერი ვთქვათ ბოლო ზარის ზეიმისა თუ სხვა საიუბილეო თარიღების აღნიშვნაზე. თითოეულ მათგანს, ჯანმრთელობასთან ერთად, ვუსურვებ, გამოცდებზე მიიღონ ის სასურველი შედეგი, რასაც ელიან და რასაც იმსახურებენ. ჩვენ კი, ჩვენი მხრივ, ყველანაირ ღონისძიებას დავსახავთ განათლების სამინისტროსთან ერთად, რომ ის 3-4-საათიანი გამოცდა, რომელზეც აბიტურიენტებს მუშაობა უწევთ, მათი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო იყოს. შემუშავებული იქნება ადეკვატური რეკომენდაციები“, - განაცხადა ზახაშვილმა.
როგორც ცნობილია, ქვეყანაში კორონავირუსით გამოწვეული ვითარების მიუხედავად, ეროვნული გამოცდების გაუქმება დღის წესრიგში არ დგას.