შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ქალაქ ცხინვალისთვის მეორე სახელად ,,სტალინირის“ წოდებასთან დაკავშირებით ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერის ე.წ. გადაწყვეტილება ტრაგიკულია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც წლებია, მავთულხლართებით იზოლირებულ, ფაქტობრივად გაფართოვებულ სამხედრო ბაზაზე ცხოვრობენ და თან, აბსურდული ექსპერიმენტის მსხვერპლიც არიან.
„იმდენად აბსურდული და თავისთავად ყველაფრის მთქმელია ე.წ. გადაწყვეტილება და სწორედაც რომ სიმბოლური, იმდენად ღიად წარმოაჩენს საოკუპაციო რეჟიმის სახეს, რომ კომენტარის გაკეთებაც არც ღირს, რომ არ იყოს ასე ტრაგიკულიც. რა თქმა უნდა, ამ ე.წ. გადაწყვეტილებით არაფერი შეიცვლება მსოფლიო რუკაზე, მაგრამ ტრაგიკულია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც წლებია მავთულხლართებით იზოლირებულ, ფაქტობრივად გაფართოვებულ სამხედრო ბაზაზე ცხოვრობენ და თან, აბსურდული ექსპერიმენტის მსხვერპლიც არიან, რომელიც მათ საბჭოთა წარსულში დარჩენას აიძულებს. განსაკუთრებით ტრაგიკულია იმ ბავშვების გამო, რომელთაც პიონერების ყელსახვევებში ლენინისა და სტალინის დიდი პოსტერების ფონზე საბჭოთა დიდების სიმღერებს ამღერებენ საბჭოთა ნოსტალგიით შეპყრობილი პირები და ამით ართმევენ მომავლის განცდას, მომავლის პერსპექტივას. რა თქმა უნდა ჩვენთვის სულერთი არ არის ამ ადამიანების ბედი, არც ახლა და არც მომავალში. გავაგრძელებთ მშვიდობიან პოლიტიკას, რომელიც პერსპექტივასა და მომავალზეა ორიენტირებული“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
დე ფაქტო რეჟიმის ლიდერის, სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ბრძანებით, ცხინვალს მეორე სახელად ,,სტალინირი“ ეწოდა. ბიბილოვმა აღნიშნულ განცხადებას ხელი დღეს მოაწერა. გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა, შესაბამისი კონსულტაციების საფუძველზე, ეს გადაწყვეტილება მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებიდან 75 წლისთავთან დაკავშირებით მიიღო.