როგორ მიიღებენ დახმარებას თვითდასაქმებულები - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტება
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, თამილა ბარკალაია იმ პროცედურებს განმარტავს, რისი გავლაც თვითდასაქმებულებს მთავრობის მიერ დაანონსებული დახმარების მისაღებად დასჭირდებათ.
„დასაქმებულების შემთხვებაში ძალიან მარტივი პროცესია. უმუშევრად დარჩენილ დასაქმებულებს არ სჭირდებათ არავითარი დამატებითი რეგისტრაციის გავლა. შემოსავლების სამსახურიდან მიღებული სიების საფუძველზე მოხდება ავტომატურად გადარიცხვა,“ - განაცხადა ბარკალიამ.
რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, ბარკალიას თქმით, შეიქმნება სპეციალური პორტალი, სადაც მოქალაქეები ატვირთავენ საკუთარ მონაცემებს.
„თვითდასაქმებულის შემთხვევაში არის ორი სისტემა: პირველი - თვითდასაქმებულები, რომელებიც არიან აღრიცხულები და რეგისტრირებულები შემოსავლების სამსახურში. ამ ადამიანების შემთხვევაში, პროცესი გამარტივებულია. ონლაინ პორტალი, რომელზეც ახლა მუშაობს ჩვენი სამინისტრო, უახლოეს მიმავალში დაიდება ჩვენს ვებ.გვერდზე და აღნიშნულ პირებს დასჭირდებათ მხოლოდ საბანკო ანგარიშისა და პერსონალური მონაცემების მითითება.
რაც შეეხება არაფორმალურ სექტორში დასაქმებულებს, ამ შემთხვევაში პროცესი უფრო რთულია. იგივე ონლაინ პორტალზე ამ პიროვნენებს დასჭირდებათ მათი პირადი ინფორმაციის დარეგისტრირება, ასევე ბანკის ანგარიშის ნომერი. გარდა ამისა, ინფორმაცია - თუ რა ტიპის საქმიანობას ეწეოდნენ და რა ტიპის შემოსავალი ჰქონდათ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე. საკმარისი იქნება ნებისმიერი ტიპის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც იურიდიული პირის მიერ იქნება გაცემული. მაგალითვისთვის, ეს შეიძლება იყოს სასურსათო მაღაზიიდან ცნობა, რომელიც ადასტურებს, რომ ის იბარებდა კონკრეტული მცხობელის მიერ გამომცხვარ პროდუქციას. ასევე, ბაზრის ადმინისტრაციის მიერ გაცემული ცნობა, რომ დახლი იყო გაცემული მოქალაქეზე. ეს არის რამდენიმე მაგალითი, რა შეიძლება იყოს ჩათვლილი და რომლის ატვირთვაც იქნება ონლაინ პორტალზე საჭირო“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ბარკალაიას თქმით, რეგისტრაციის გარდა, აღნიშნულ პირებს, შეუძლიათ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებს მიმართონ.
შეგახსეებთ, რომ თვითდასაქმებულებისთვის დახმარების გაცემა დაახლოებით 20 მაისისთვის დაიწყება, ასევე, მაისის მეორე ნახევარშია დაგეგმილი დასაქმებულებისთვის დახმარების გაცემაც.