საზოგადოება
27.04.2020 16:44
გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ აღსაზრდელებზე საკვები პროდუქტების გაცემის მეოთხე ეტაპი დაიწყო
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი პროდუქტების გაცემის მეოთხე ეტაპი დაიწყო. აღნიშნულის შესახებ Gmnews-ს სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს დირექტორმა განუცხადა. ლია კოვზიაშვილის თქმით, თითოეული საბავშვო ბაღიდან მშობლებს დაუკავშირდებიან და პროდუქტების გატანის ვადებზე ინდივიდუალურად შეუთანხმდებიან.
„მოგეხსენებათ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების მიხედვით ვმოქმედებთ და
ბაგა-ბაღებში ბავშვთა კვებისთვის გათვალისწინებული პროდუქტების გაცემის მეოთხე ეტაპს ვახორციელებთ. წინა ეტაპების მსგავსად, დაგეგმილი გვაქვს არამალფუჭებადი საკვების 6000 ოჯახისთვის გადაცემა, განურჩევლად სოციალური სტატუსისა.
სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და სოციალური დისტანციის დაცვით, პროდუქტების დარიგება უკვე დავიწყეთ. რაც შეეხება სასურსათო კალათის დარიგების პერიოდულობას, გეტყვით რომ პროდუქტების შეძენა-დაფასოება, გარკვეულ დროსთან არის დაკავშირებული, სწორედ ამიტომ გაიცემა პროდუქტი ეტაპობრივად, დაახლოებით, 10-14 დღეში ერთხელ“- აღნიშნა GMnews-თან საუბრისას გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღანელმა ლია კოვზიაშვილმა.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, 16 მარტიდან, საგაზაფხულო არდადეგების შემდეგ, ბაგა-ბაღებში სასწავლო პროცესი აღარ განახლებულა.
კვირის ამბები