„ლიბერთი ბანკი“, გასული თვის მსგავსად, ამჯერადაც, საკუთარი რესურსით განახორციელებს 100 მილიონ ლარიან პროგრამას მაისის თვის პენსიების წინასწარ ჩასარიცხად. ეს პროგრამა შეეხება ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფში შემავალ ადამიანებს, რომლებიც არიან 70 წლის და ზევით - აღნიშნულია „ლიბერთი ბანკის“ განცხადებაში.
გავრცელებული დოკუმენტის თანახმად, მაისის პენსია, ბენეფიციარებს სოციალურ ბარათებზე დღეს ჩაირიცხებათ. რაც შეეხება 60-დან 70 წლამდე ასაკის პენსიის მიმღებ მოქალაქეებს, მათი პენსიები ასევე წინასწარ ჩაირიცხება, ზუსტი თარიღი კი, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
„გამომდინარე იქიდან, რომ პენსიის აღებისას, ბანკთან თავშეყრა, ვირუსის შესაძლო გავრცელების მხრივ, საფრთხეს წარმოადგენს, თანხების ნაღდი ფულით მიღების შესაძლებლობა ყველა ასაკობრივ პენსიონერს, გრაფიკის მიხედვით, ეტაპობრივად მიეცემა. ამისთვის სპეციალური პლატფორმა myliberty.ge შეიქმნა, სადაც მარტივადაა შესაძლებელი ნახვა, თუ ზუსტად რა თარიღიდან შეძლებს პენსიონერი, პენსიის ნაღდი ფულით მიღებას ლიბერთის ბანკომატიდან ან სერვისცენტრიდან“, - აღნიშნულია „ლიბერთი ბანკის“ განცხადებაში.