საზოგადოება
27.04.2020 16:30
პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დარღვევის 115 ახალი შემთხვევა გამოავლინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში გათვალისწინებული შეზღუდვების დარღვევის 115 ახალი ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდამცველებმა, 26 აპრილის 21 საათიდან 27 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 68 მოქალაქე დააჯარიმეს. მონიტორინგის შედეგად კი, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 1 ახალი ფაქტი გამოავლინეს.

პოლიციელებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 23 პირი დააჯარიმეს.
გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 23 მოქალაქე დააჯარიმეს.

ცნობისთვის, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას - ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის - 15 000 ლარით.
კვირის ამბები