საზოგადოება
27.04.2020 14:32
თვითდასაქმებულები 300-ლარიანი დახმარების მიღების მიზნით რეგისტრირებას 21 მაისიდან შეძლებენ

არაფორმალურ სექტორში დასაქმებულებს სპეციალურად შექმნილ საიტზე საკუთარი მონაცემების ატვირთვა 21 მაისიდან შეეძლებათ. ცნობილია ისიც, რომ პროცედურა პირველ ივნისამდე გაგრძელდება.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, სპეციალური ონლაინპლატფორმის შექმნა უკვე დაწყებულია. უწყების ცნობით, აღნიშნულ პორტალზე თვითდასაქმებულები მარტივი წესებით მოახდენენ რეგისტრაციას და საჭირო დოკუმენტაციის ატვირთვას.

რა ტიპის საბუთები იქნება მათგან მოთხოვნილი და რა კრიტერიუმების დაკმაყოფილება იქნება აუცილებელი ერთჯერადი, 300-ლარიანი დახმარების მიღებისთვის, ამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას უწყება მოგვიანებით გაავრცელებს.

სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ პროცედურა მარტივი იქნება და დახმარების დანიშვნა დამოკიდებული იქნება ნებისმიერი ტიპის დასაბუთებაზე (მაგალითად, ბანკის ანგარიში ან სხვა იურიდიული დოკუმენტი) იმის შესახებ, რომ პირმა „კოვიდ-19“-ის ეპიდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო შემოსავალი დაკარგა.

შეგახსენებთ, 24 აპრილს, პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა, რომლის ერთ-ერთი პუნქტი თვითდასაქმებულებს ეხება. როგორც აღნიშNულ გეგმაშია გაწერილი, თვითდასაქმებული ან არაფორმალურ სექტორში დასაქმებული პირები, შემოსავლის დაკარგვის დასაბუთების შემთხვევაში, მთავრობისგან ერთჯერად ფინანსურ დახმარებას, 300 ლარს მიიღებენ.

კვირის ამბები