ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი საქართველოში დღეიდან ამოქმედდა.
დღეს დილიდან დაშვებულია მსუბუქი ავტომანქანებით, მათ შორის ტაქსებით გადაადგილება, დაშვებულია ონლაინ ვაჭრობა (საბითუმო და საცალო), მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ასევე, შესაბამისი რეკომენდაციების დაცვის პირობებში, დაშვებულია ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.
აღნიშნული შეზღუდვები არ მოიხსნა იმ მუნიციპალიტეტებსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოქმედებს.
მთავრობის ინფორმაციით, აღნიშნული შეზღუდვების მოხსნა ეხება მხოლოდ იმ კომპანიებს, დაწესებულებებს და ობიექტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ წესებს.
რაც შეეხება თბილისს, რუსთავს, ბათუმსა და ქუთაისს, სადაც 15 აპრილისდან აკრძალულია შესვლა და გასვლა, 27 და 28 აპრილს, გამონაკლისის სახით, დასაშვებია აღნიშნულ ქალაქებში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა მხოლოდ ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული ყველა სხვა შეზღუდვა ძალაში რჩება. მათ შორის, ძალაში რჩება კომენდანტის საათის მოქმედება 21:00 საათიდან 06:00 საათამდე.
ამავე ინფორმაციით, ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე, შესაძლოა, მოხდეს როგორც მოხსნილი შეზღუდვების ხელახლა დაწესება, ასევე ყოველი შემდგომი ეტაპის ამოქმედების ვადის გადახედვა.