შიდა ქართლში არსებული აგრარული ბაზრები ფუნქციონირებას განაახლებენ, თუ დააკმაყოფილებენ ყველა იმ კრიტერიუმს, რაც სახელმწიფომ დააწესა, - აღნიშნულის შესახებ შიდა ქართლის გუბერნატორმა მედიასთან განაცხადა.
,,რაც შეეხება მოქმედ რეგულაციებთან დაკავშირებით 27 აპრილიდან დაგეგმილ გარკვეულ ცვლილებებს, შეხვედრა მქონდა აგრარული ბაზრების წარმომადგენლებთან, მათ კიდევ ერთხელ განვუმარტე ის რეგულაციები, რაც აგრარული ბაზრების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით არის სახელმწიფოს მიერ დაწესებული. ბუნებრივია, სახელმწიფოს მხრიდან არის ინტერესი, რომ რაც შეიძლება დროულად გაიხსნას აგრარული ბაზრები, თუმცა, ეს მათზეა დამოკიდებული. ბაზრების ადმინისტრაციებს ჩასატარებული აქვთ გარკვეული სამუშაოები იმისთვის, რომ დააკმაყოფილონ ის კრიტერიუმები, რაც სახელმწიფოს აქვს დადგენილი. მოგეხსენებათ, ეს გახლავთ სანიტარული წესების დაცვა, დეზობარიერების მოწყობა, რიგების მართვა, გამიჯნული შესასვლელ-გასასვლელები და სხვა კრიტერიუმები, რომელთა კონტროლიც მკაცრად მოხდება. მათი მხრიდან აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევეაში, ჩვენს რეგიონში დროულად გაიხსნება აგრარული ბაზრები“, - აღნიშნა გიგი ხოჯევანიშვილმა.