საზოგადოება
24.04.2020 16:18
რა სახის შეზღუდვები მოიხსნება და რა შენარჩუნდება 27 აპრილიდან ავტომობილით გადაადგილებისას

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მსუბუქ ავტოტრანსპორტზე ორშაბათიდან ყველანაირი შეზღუდვის მოხსნა არ ნიშნავს, რომ საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე არსებული შეზღუდვებიც მოიხსნება.

„ეს არ ნიშნავს იმ შეზღუდვების მოხსნას, რომელიც საქალაქთაშორისო გადადგილებაზე იყო დაწესებული და ასევე, არ ნიშნავს იმ შეზღუდვების მოხსნას, რომელიც დაწესებული იყო დიდი ქალაქებისთვის. ეს შეზღუდვები შენარჩუნდება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი შეზღუდვების დაწესება დაემთხვა სააღდგომო დღესასწაულებს და ბევრი ჩვენი მოქალაქე იყო გასული საცხოვრებელი ადგილიდან რაიონში ან თავისი სამუშაო ადგილიდან. ჩვენ გავაკეთებთ გამონაკლისს, ორი დღით, ეს იქნება ორშაბათი და სამშაბათი, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, დაბრუნდნენ თავისი რეგისტრაციის ან სამუშაო ადგილებზე. ორი დღის შემდეგ შეზღუდვები აღდგება, ამას ვაკეთებთ, რათა მოქალაქეებს მოვუხსნათ დისკომფორტი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ დიდ ქალაქებში - თბილისი, რუსთავი, ბათუმი, ქუთაისი - მიმოსვლა 15 აპრილიდან აიკრძალა.

კვირის ამბები