საქართველოს მთავრობა პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს 1200 ლარით დაეხმარება. ეს დახმარება 6 თვის განმავლობაში გადანაწილდება და თვეში 200 ლარს შეადგენს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის წარდგენისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, მთავრობისგან ფინანსურ დახმარებას ის ადამიანები მიიღებენ, ვინც სამსახური COVID-19-ის გავრცელებით შექმნილი ვითარების გამო დაკარგეს და ოფიციალურად იყვნენ რეგისტრირებულნი დასაქმებულად. ეს დახმარება 350 000 მოქალაქეს შეეხება.
„ყველა ის დაქირავებით დასაქმებული პირი, რომელმაც კრიზისის პერიოდში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდგომ დაკარგა სამსახური და აღარ აქვს შემოსავალი, მიიღებს დახმარებას სახელმწიფოს მხრიდან 1200 ლარის ოდენობით 6 თვის განმავლობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველთვიურად მიიღებენ 200 ლარს. ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ამ დახმარების მდგრადობა. დახმარებით სარგებლობას შეძლებს მინიმუმ 350 ათასი მოქალაქე, რაც ბიუჯეტისთვის ნიშნავს 460 მლნ ლარის ხარჯს. ამ ღონსძიების მიზანი არის ის, რომ შეგვეძლოს, ადამიანებს, რომელთაც დაკარგეს სამსახური, 6 თვის განმავლობაში მინიმალური ფინანსური მხარდაჭერა გავუწიოთ“, - განაცხადა გახარიამ.