24.04.2020 14:13
დავიწყეთ მუშაობა შიდა ქართლის მწერლობის ოქროს ფონდის შესაქმნელად - დავით ახლოური
მინდა გაგაცნოთ ახალი იდეა - შევქმნათ შიდა ქართლის მწერლობის ოქროს ფონდი, რომელშიც გაერთიანდება როგორც რეგიონში მოღვაწე მწერლების, ისე ჩვენი მეგობრების მიერ წაკითხული ლექსების, შემოქმედებიდან ამონარიდების ვიდეოჩანაწერები. მოძიებულ მასალას პერიოდულად გაეცნობა ჩვენი ჯგუფის მკითხველი - აღნიშნული ინიციატივა საქართველოს მწერალთა კავშირის შიდა ქართლის, ცხინვალისა და ახალგორის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში გააჟღერა. როგორც დავით ახლოურმა GMnews-ს განუცხადა, პირველი ვიდეოჩანაწერი შიდა ქართლის, ცხინვალისა და ახალგორის მწერალთა ორგანიზაციის ფეისბუქ გვერდზე უკვე განათავსეს და საზოგადოების მხრიდან საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია.
„გადავწყვიტე, შევქმნათ შიდა ქართლის მწერლობის ოქროს ფონდი. გარდა პირადად წაკითხული ლექსებისა, გვინდა, ლიტერატურულ არქივში, ჩვენს რეგიონში მოღვაწე პოეტების ლექსებზე დაწერილი სიმღერებიც შევიტანოთ. მოვიძიებთ აგრეთვე ძველ მასალებსაც, სადაც აწ გარდაცვლილი პოეტები კითხულობენ თავიანთ ლექსებს და შევქმნით მართლაც უნიკალურ ოქროს ფონდს. შეგროვილ მასალებს პერიოდულად გამოვაქვეყნებთ ფეისბუქის ჯგუფში - შიდა ქართლის, ცხინვალისა და ახალგორის მწერალთა ორგანიზაცია, რომელიც 1400-ზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს“, - აღნიშნა დავით ახლოურმა.
იდეის ინიციატორმა დავით ახლოურმა, პროექტის - ,,შიდა ქართლის მწერლობის ოქროს ფონდი“ ფარგლებში, ფეისბუქმომხმარებლებს პირველად მარი ბერუაშვილის შემოქმედების ვიდეოჩანაწერი შესთავაზა. ახალგაზრდა პოეტმა, ლიტერატურისმოყვარულებს საკუთარი შემოქმედებიდან ლექსი სახელწოდებით - „მუზა“ გააცნო.