ეს არ შეესაბამება სიმართლეს და არის დეზინფორმაცია - ანრი ოხანაშვილის განმარტება საგანგებო მდგომარეობის განმეორებით დარღვევისთვის 6 წლამდე პატიმრობაზე
არავითარი გამკაცრება არ მომხდარა და არსებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში არ მოხდება ჩვენს მიერ მიღებული კოდექსის გამოყენება, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის მიერ გუშინ მიღებულ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, არსებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, კარანტინის და იზოლაციის წესების დარღვევა პრეზიდენტის დეკრეტის შესაბამისად, 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.
„გარკვეულმა ჯგუფებმა სცადეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, თითქოს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილების ფარგლებში კარანტინისა და იზოლაციის წესების დარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში გაიზარდა სანქცია - თავისუფლების აღკვეთა 6 წლამდე ვადით, ამასთან გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს და, აღნიშნული რეგულაცია მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში შედის ძალაში. მინდა გითხრათ, რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს და არის დეზინფორმაცია“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ოხანაშვილის განმარტებით, მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, ძალაში რჩება პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტი და რეგულაციების ცვლილება არ განიხილება.
„რაც შეეხება ჩვენს მიერ მიღებულ ცვლილებებს, მსურს საზოგადოებას განვუმარტო, რომ სისხლის სამართლის კოდექსში შევიტანეთ ცვლილებები, რომელიც შეეხება არა მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევას, არამედ საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევასაც. აღნიშნული კანონდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში გავითვალისწინეთ პასუხისმგებლობა თავისუფლების აღკვეთა ვადით 6 წლამდე“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, თუ რა იგულისხმება საგანგებო ან საომარი რეჟიმის დარღვევაში. „თუკი პირი განზრახ გადასდებს ვინმეს დაავადებას, თუკი ამ ქმედებას ჩაიდენს ორგანიზებული ჯგუფი ან ჯგუფი, თუკი დაავადებული პირი განახორციელებს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევას ან პირი დაარღვევს საგანგებო ან საომარი მდგომარობის რეჟიმს, რაც გამოიწვევს ძალიან მძიმე შედეგებს, რასაც შეიძლება მოჰყვეს ადამიანის სიცოცხლის მოსპობაც კი, ამ შემთხვევაში გამოიყენება თავისუფლების აღკვეთა 6 წლამდე ვადით,“- განმარტავს ანრი ოხანაშვილი.
შეგახსნებეთ, რომ საქართველოში მოქმედი საგნაგებო მდგომარეობის ფარგლებში ძალაშია საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას თავისუფლების აღკვეთის სახით მაქსიმუმ 3 წლამდე და ისიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემდგომ თუკი განმეორებით ჩაიდენს პირი ქმედებას.