კორონავირუსის გამო სპორტულ ასპარეზობათა დროებით აკრძალვა რომ არა, ახლა არაერთ სახეობაში გამართულ ტურნირებს თუ მატჩებს მივადევნებით თვალს და სხვებთან ერთად, ახლა უკვე ღია საჭიდაო არენებზე გამართული ქართული ჭიდაობის შეჯიბრებების დაწყების მოლოდინში უნდა ვყოფილიყავით.
ქართლში და მათ შორის, ცხადია, გორშიც, მოგეხსენებათ, ჩვენი ეროვნული საჭიდაო სახეობა ძალიან უყვართ და ქართული ჭიდაობის შეჯიბრებებსაც გორში დიდი ხნის ტრადიცია აქვს.
XX საუკუნის შუა პერიოდამდე, გორში, მტკვრისა და ლიახვის შესართავთან მოწყობილ ღია საჭიდაო არენაზე საქართველოს არაერთი კუთხიდან იყრიდნენ თავს საპაექროდ. 1947 წელს, საქართველოში იმოგზაურა ცნობილმა ამერიკელმა მწერალმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა ჯონ სტაინბეკმა და ფოტოგრაფმა რობერტ კაპამ. ისინი ახლანდელი ახალბაღის ტერიტორიაზე მოწყობილ ღია საჭიდაო არენაზე ფალავანთა შერკინებასაც დაესწრნენ. კაპამ ამ შეჯიბრების ამსახველი ფოტოები შემოგვინახა, სტაინბეკმა კი, საინტერესოდ აღწერა ტურნირის პერიპეტიები.
გასული საუკუნის დასაწყისიდან შუა პერიოდამდე, ცნობილი გორელი ფალავნები იყვნენ გიორგი მჭედელი, სანდრო ნაკაშაშვილი, ვახტანგ ნასყიდაშვილი, გენო ყაზარაშვილი, ანზორ ბაზერაშვილი, არტაშ მიხანაშვილი და სხვები.
60–იანი წლების შემდეგ, გურამ პაპიტაშვილის აღზრდილი ყველა ფალავანი, სამბისტი იქნებოდა თუ ძიუდოისტი, პაპიტაშვილის ინიციატივით, პირველ ყოვლისა, ქართული ჭიდაობის სიყვარულს იყვნენ ნაზიარები. ამიტომ იყო, რომ საერთაშორისო მასშტაბით აღიარებულმა ფალავნებმა - შოთა ჩოჩიშვილმა და თემურ ხუბულურმა საქართველოს აბსოლუტური ფალავნობაც მოიპოვეს, რადგან ამ ტიტულის გარეშე თავიანთ აღიარებას არასაკმარისად მიიჩნევდნენ.
ქართული ჭიდაობის ტურნირებმა გორში 60–იანი წლებიდან ე.წ. ცირკის, რეალურად კი, სწორედ საჭიდაო დარბაზისთვის აგებულ შენობაში გადაინაცვლა. ღია საჭიდაო არენა მას შემდეგ გორში აღარ ყოფილა, თუმცა, ეს მრგვალი დარბაზი ძალიან საინტერესო ასპარეზობებს მასპინძლობდა ძიუდოში, სამბოსა და ქართულ ჭიდაობაში.
ამჟამად, გორში, ქართული ჭიდაობის ტურნირებს მხოლოდ ,,გორის დღეებზე“ თუ ნახავთ და ისიც, ძირითადად, სანახაობის თვალსაზრისით იმართება. მასში მონაწილეც არაა ბევრი და ამასთან, ისინიც უმეტესწილად მხოლოდ ამ მუნიციპალიტეტის მცხოვრებნი არიან.
სამაგიეროდ, ქართული ჭიდაობის ტურნირები წლის განმავლობაში არაერთხელ ტარდება გორის რაიონის სოფლებში. აქ ხომ ქართული ჭიდაობის შეჯიბრებათა მოწყობა მრავალი წლის ტრადიციაა და საერთოდაც, სოფლის მოსახლეობა უკეთ ინახავს ამ ტრადიციას.
ბოლო წლებში, გორის მუნიციპალიტეტში ყველაზე მასშტაბური ტურნირი სოფელ შინდისში, აგვისტოში იმართება – იგი 2008 წლის ომში შინდისში დაღუპული გმირების სახელს ეძღვნება და უკვე ტრადიციად დამკვიდრდა.
წლის განმავლობაში საკმაოდ კარგი შეჯიბრებები ტარდება კარალეთში, ქორდში, სკრაში და სხვა სოფლებში. მათი ორგანიზატორი, როგორც გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო, ისე საქართველოს ქართული ჭიდაობის ფედერაციაცაა და არაერთ შემთხვევაში მეცენატებიც არ იშურებენ თანხას ცნობილი ფალავნების შესაკრებად ამა თუ იმ სოფლის არენაზე.