საზოგადოება
23.04.2020 18:48
საგანგებო მდგომარეობის წესებთან დაკავშირებით და გადაადგილების დროებითი ნებართვების მისაღებად ნუ დარეკავთ 112-ზე - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ საგანგებო მდგომარეობის წესებზე ინფორმაციისა და გადაადგილების დროებით ნებართვებთან დაკავშირებით 112-ზე არ დარეკონ.

„მოქალაქეები გადაუდებელი დახმარების ერთიან ნომერს - 112-ს უკავშირდებიან ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების და საგანგებო მდგომარეობის წესების თაობაზე, ასევე, საინფორმაციო სახის და ეგრეთწოდებული დროებითი ნებართვების შესახებ შეკითხვებით, რის გამოც გადატვირთულია „112"-ის ცენტრები. განმარტებისთვის გეტყვით, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112" გადაადგილებასთან დაკავშირებით დროებით ნებართვებს არ გასცემს, ამიტომ მოქალაქეები, ვისაც რეალურად სჭირდება გადაუდებელი დახმარება, სახანძრო-სამაშველო სამსახურის, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა ან საპატრულო პოლიციის გამოძახება, გადატვირთულობის გამო ვერ ახერხებენ „112"-თან დაკავშირებას.
გთხოვთ, მიეცით დაკავშირების საშუალება მათ, ვისაც რეალურად სჭირდება გადაუდებელი დახმარება და საგანგებო სამსახურების გამოძახება, ვისთვისაც წამები გადამწყვეტია.“ - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შესული ზარებიდან 60-65 % არამიზნობრივ ხასიათს ატარებს.
კვირის ამბები