საქართველოში მოქმედ კორონავირუსის მკურნალობის პროტოკოლსა და covid 19-ის სამკურნალო მეთოდებთან დაკავშირებით თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, რომ პაციენტების მკურნალობის პროტოკოლში ცვლილებები არ იგეგმება და კოვიდინფიცირებულების სამკურნალოდ სხვა მედიკამენტებთან ერთად, პლაქვენილის გამოყენება გაგრძელდება.
„პლაქვენილის გამოყენებისას პროტოკოლი ჯერჯერობით არ შეიცვლება, დარჩება ისე, როგორც არის - პლაქვენილი ენიშნება საშუალო, მძიმე და ძალიან მძიმე ავადმყოფებს. ეს პრაქტიკა და გადაწყვეტილება მოდის სრულ შესაბამისობაში ამერიკის წამლის და საკვები პროდუქტების ადმინისტრაციის რეკომენდაციებთან. ეს რეკომენდაციები გაცემულია 28 მარტს და არ შეცვლილა. ასევე, ეს რეკომენდაცია მოდის სრულ შესაბამისობაში მსოფლიოს წამყვანი ინსტიტუტების და ქვეყნების, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის, საფრანგეთის და სხვების მიერ მიღებულ პრაქტიკასთან. რაც ყველაზე მთავარია, ამ პრაქტიკამ მაქსიმალურად გაამართლა საქართველოში. მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში 420 პაციენტია და სულ 5 გარდაცვლილი გვყავს. ეს არის ყველაზე დაბალი ან ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ციფრი ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ევროპის 53 ქვეყანას შორის საქართველოს უკავია 49-ე ადგილი ავადმყოფების და გარდაცვლილთა რაოდენობით. ამავე დროს, არ ყოფილა არცერთი გართულება პლაქვენილისგან. პლაქვენილის გარდა ვიყენებთ ძალიან ბევრ სხვა მედიკამენტს. თითოეულ პაციენტთან ვიყენებთ ინდივიდუალურ მიდგომას და ძალიან საინტერესო ინოვაციური მიდგომები გვაქვს. ამიტომ მარტო პლაქვენილს ამ წარმატებას ვერ მივაწერთ. მაგრამ პლაქვენილის დამსახურებაც არის ასეთი კარგი შედეგი, ამიტომ არავითარი საფუძველი არ გვაქვს ამ ეტაპზე, ამ პუნქტში ცვლილების შეტანის“ - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალის დათვალიერების შემდეგ.
ცერცვაძის თქმით, აქტიურად მიმდინარეობს კვლევები სხვადასხვა მედიკამენტების კოვიდინფექციასთან ბრძოლის ეფექტურობასთან დაკავშირებით, იმ შემთხვევაში, თუ დაიდება სარწმუნო შედეგები, რომელიც პლაქვენილზე უკეთ მკურნალობს კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს, პროტოკოლში ცვლილებებს დაუყოვნებლივ შეიტანენ.
„მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს კვლევები ახალ მედიკამენტებზე, მათ შორის პლაქვენილზეც და თუ დაიდება სარწმუნო, დამაჯერებელი უფრო უკეთესი რეზულტატები და შედეგები სხვა მედიკამენტებთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, ჩვენ მაშინვე, დაუყოვნებლივ შევიტანთ ცვლილებებს. ამ ეტაპზე კი ცვლილებები არ იგეგმება, რადგან უკეთესი ალტერნატივა არ არის“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.