გორის მუნიციპალიტეტში რთველი აქტიურ ფაზაშია და ყურძნის რეალიზაციის პრობლემა არ არის, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ა(ა)იპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის უფროსი, მამუკა ლომსაძე ადასტურებს.
„ჩვენს რეგიონში, საქართველოს სხვა კუთხეებისგან განსხვავებით, იმ რაოდენობის მოსავალი არ გვაქვს, რომ ჩასაბარებელი პუნქტების აუცილებლობა დადგეს დღის წესრიგში. შედარებით მსხვილ მევენახეებს მომხმარებელი ადგილზე აკითხავთ და ყურძნის რეალიზებას უპრობლემოდ ახდენენ. უმეტესად კი, საკუთარ მოსავალს თავადვე წურავენ“, - განაცხადა მამუკა ლომსაძემ GMnews-თან საუბრისას.
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის უფროსის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტში გავრცელებულ ჯიშის ყურძენზე ყოველწლიურად განსაკუთრებული მოთხოვნაა. რაც შეეხება ფასებს, 1 კგ. ყურძნის ღირებულება 1,3-დან 1,5-მდე მერყეობს.