„საქართველოს პრემიერის გადაწყვეტილებით ვარ COVID-ით ავადმყოფების კლინიკური მართვის ჯგუფის ხელმძღვანელი და ჩემი ვალდებულებაა, რომ კოორდინირება გავუწიო ყველა იმ კლინიკაში COVID-19-ის მართვას, რომელი კლინიკებიც ასეთ ავადმყოფებს იღებენ. ვიყავი ბათუმში, ახლა გახლავართ გორში და ვაპირებ ყველა კლინიკის მოვლას - ქუთაისში, საჩხერეში, ზუგდიდში და თბილისში, თავისთავად.
გორის სამხედრო ჰოსპიტალს ამჟამად 49 პაციენტი ჰყავს, ჩემი მიზანი იყო რომ გავცნობოდი ყველაზე უფრო სერიოზულ პაციენტებს, შეგვემუშავებინა ერთობლივი ტაქტიკა კვლევის მენეჯმენტისა ამ პაციენტებთან მიმართებაში. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი მეორე ვიზიტია რეგიონებში და ორივე ვიზიტით ძალიან კმაყოფილი ვარ. რაც ვნახე, COVID ავადმყოფების მენეჯმენტი მიმდინარეობს ყველაზე მაღალი საერთაშორისო სტანდარტების დონეზე და შედეგიც ამაზე მეტყველებს“, - აღნიშნული განცხადება თენგიზ ცერცვაძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში არსებული მდგომარეობის გაცნობის შემგედ გააკეთა.
ცერცვაძის ინფორმაციით, ჰოსპიტალში მკურნალობას 49 პაციენტი გადის, მათგან რამდენიმეს მდგომარეობა რთულია, ერთი კი - კრიტიკული.