საზოგადოება
23.04.2020 14:53
წინაპირობა იმისა, რომ ბაზარზე პურის ფასი გაიზარდოს არ არსებობს - ლევან დავითაშვილი
დღესდღეობით, არ არსებობს წინაპირობა, რომ ბაზარზე პურის ფასი გაიზარდოს - აღნიშნულის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
„ჩვენთვის პურის ფასის სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვხედავთ, რომ მოსახლეობის სოციალური ფონი უფრო რთული და მძიმეა კორონავირუსთან ბრძოლის შეზღუდვების პირობებში. ამიტომ, ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს პურის მრეწველთა კავშირთან, ასევე, ინდივიდიალურ საწარმოებთან იმისთვის, რომ პურის ფასი შევინარჩუნოთ, მაგრამ მხოლოდ კომუნიკაცია ან ადმინისტრაციული გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, აღნიშნულ შედეგს ვერ უზრუნველყოფს. ამიტომ სახელმწიფომ აამუშავა ქმედითი მექანიზმი, რომელიც ხორბლის შემომტანი იმპორტიორი კომპანიების წახალისებასა და სუბსიდიის გამოყოფას ითვალისწინებს, რაც თავის მხრივ ფქვილის ფასის დაფიქსირებას უზრუნველყობს. დავაწესეთ ზღვარი რომ კონკრეტულად ტომარა ფქვილის ფასი არ აღემატებოდეს 51 ლარს, ეს კი, მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისა, რომ პურის ფასი არ გაძვირდეს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც პურის ფასის განსაზღვრაში მონაწილეობს, ეს არის ენერგომატარებლები (ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია), ენერგეტიკულმა კომპანიებმა მიიღეს გადაწყვეტილება და მათ შეამცირეს ტარიფი პურის საცხობებისთვის. სწორედ ეს არის ის ქმედითი მექანიზმი, რომლითაც ჩვენ ფასის კონტროლს შევძლებთ“,-განაცხადა დავითაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოში ხორბლის იმპორტის სუბსიდირებაზე ბიუჯეტიდან 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. კერძოდ, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ხორბლის იმპორტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის განხორციელებაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის ბიუჯეტიდან 5 200 000 ლარი გამოიყო.
კვირის ამბები