საზოგადოება
23.04.2020 14:29
ტირიფონის სარწყავი არხის მეჯვრისხევი-ბერშუეთის მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სარწყავი წყლით უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით, საირიგაციო სისტემებზე სარემონტო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“-ში აცხადებენ, შესაბამისი სამუშაოების შედეგად აღდგენილი საირიგაციო სისტემით გორის მუნიციპალიტეტის 8 სოფლის - მეჯვრისხევის, ზერტის, კირბალის, კვარხეთის, ხელთუბნის, ბერშუეთის, ზემო სობისისა და ხურვალეთის მოსახლეობა ისარგებლებს.

„ქვეყნის მასშტაბით შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად ხორციელდება და რწყვის სეზონის დადგომამდე არსებული პრობლემები შეძლებისდგავარად მოგვარდება. ამ დროისთვის, ნატანი მასისა და შლამისგან მეჯვრისხევი-ბერშუეთის მონაკვეთზე ტირიფონის მაგისტრალური არხი იწმენდება. ექსპლუატაციის პროგრამით გატარებული ღონისძიებები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს, რაც სარწყავი წყლის მიწოდებას 1200 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გააუმჯობესებს. აღნიშნული სამუშაოები, ასევე, ნადარბაზევის წყალსაცავის დროულად შევსებას შეუწყობს ხელს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღეისათვის შიდა ქართლში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 7 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს.

კვირის ამბები