საზოგადოება
23.04.2020 13:55
შსს-ს რამდენიმე თანამშრომელს და 20-მდე ექიმს კოვიდინფექცია დაუფიქსირდა - ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ექიმების, სამართალდამცველებისა და ჯარისკაცების აგრესიული ტესტირების შედეგად გამოიკვეთა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელი კორონავირუსითაა დაინფიცირეული, ამავდროულად, კოვიდინფექციის არსებობა დაუდასტურდა 20-მდე ექიმსაც.

„დავიწყებ იმ ჯგუფიდან, სადაც კორონავირუსი არ დაფიქსირებულა და ეს გახლავთ ჯარი. შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელს დაუფიქსირდა ვირუსი, თუმცა აქ საგანგაშო არაფერია, ინფიცირებულთა შორის ასევე არიან ექიმებიც, მათი რიცხვი დღესდღეობით 20-მდეა. ეს შედეგი, გარკვეულწილად, მოსალოდნელიც იყო. სიტუაცია ამ ჯგუფებში არის კონტროლირებადი. ჩვენ დამატებით კიდევ ვმუშაობთ უსაფრთხოების ზომებისა და ნორმების დანერგვაზე და ასევე, მიმდინარეობს, ტრენინგები ამ ჯგუფში, რათა ისინი სამომავლოდ იყვნენ უფრო მეტად დაცულები.

აქ აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მათ დაავადება ძირითადად უსიმპტომოდ აქვთ გადატანილი, რაც ასევე ყურადსაღები და ჩვენთვის სამომავლოდ გასათვალისწინებელია, თუმცა, პრევენციიდან გამომდინარე, ყველა ის ექიმი, რომელიც არის იდენტიფიცირებული, დღესდღეობით იმყოფება მონიტორნიგის ქვეშ, რათა ჩვენ ზუსტად ვიცოდეთ, რომ მათი მხრიდან უკვე შემდგომი ადამიანების დაინფიცირების რისკი არ არსებობს,“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

კვირის ამბები