22.04.2020 16:11
სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განსახორციელებლად ავტომობილებით გადაადგილებისთვის საშვების გაცემას მუნიციპალიტეტები უზრუნველყოფენ
სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულებისთვის მოქალაქეებს ავტომობილებით გადაადგილება დილის 6 საათიდან 8 საათამდე შეეძლებათ, ხოლო უკან, სახლებში დაბრუნება - 18.00 საათიდან 19.00 საათამდე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
ჩიქოვანის თქმით, საშვების გაცემას ადგილობრივი მუნიციპალიტეტები უზრუნველყოფენ.
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ და საქართველოს პრემიერმა მიმართეს პრეზიდენტს და პრეზიდენტმა უკვე წარადგინა პარლამენტში, რომ გახანგრძლივდეს ერთი თვით საგანგებო მდგომარება, ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში ვაპირებთ, ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ და იმის გათვალისწინებით, რომ გვექნება პოზიტიური და დადებითი დინამიკა, შევამსუბუქოთ შეზღუდვები. მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ იმას, რომ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება და ეკონომიკური აქტივობები ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს. თქვენ იცით, რომ ავტომობილებით გაადაგილება შეზღუდულია ამ კვირის ბოლომდე, თუმცა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენ თანამოქალაქეებს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოების თვალსაზრისით არ შეექმნათ პრობლემები.
აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია საკოორდინაციო საბჭოს მიერ და ამ გადაწყვეტილების უშუალო აღსრულება, ანუ საშვების გაცემის უზრუნველყოფა არის თითოეულ მუნიციპალიტეტსა და რეგიონული საკოორდინაციო საბჭოების ვალდებულება“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.