საზოგადოება
22.04.2020 11:29
2020-2021 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები შეიცვალა

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით  გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, 2020-2021 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის ახალი ვადები დადგინდა. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, პირველკლასელთა რეგისტრაციის I ეტაპი, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს ეხებოდა, 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით უკვე განხორციელდა, თუმცა, პირველ ეტაპზე დარეგისტრირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებით, გახანგრძლივდა სკოლაში დოკუმენტაციის წარდგენის ვადა და საბოლოო ვადად 24 აპრილის ნაცვლად 5 ივლისი განისაზღვრა. პირველკლასელთა რეგისტრაციის II ეტაპზე იცვლება როგორც რეგისტრაციის, ასევე დოკუმენტების წარდგენის თარიღი: რეგისტრაციის II ეტაპი განხორციელდება 11 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით, ხოლო დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელი იქნება 11 მაისიდან 5 ივლისის ჩათვლით. მეორე ეტაპზე სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა და-ძმა სწავლობს სასურველ სკოლაში; მშობელი არის კონკრეტული სკოლის თანამშრომელი; ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. რეგისტრაცია განხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

რეგისტრაციის III ეტაპზეც იცვლება როგორც რეგისტრაციის, ასევე დოკუმენტების წარდგენის ვადები: III ეტაპი, ანუ საყოველთაო რეგისტრაცია 2 ივნისს დაიწყება და 25 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო დოკუმენტაციის წარდგენა 2 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge.

ელექტრონულ რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი.

 

კვირის ამბები