სპორტი
22.04.2020 10:51
იმედი გვაქვს, უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვით, ვარჯიშის უფლებას მალე მოგვცემენ - ნუგზარ სხირელი

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიმდინარე შეზღუდვების პირობებში, უკვე თვეზე მეტია, სპორტსმენები დარბაზებში ვეღარ ვარჯიშობენ, შეჩერდა სხვადასხვა რანგის და მასშტაბის სპორტული ღონიძიებებიც.

ცნობილი გორელი მწვრთნელი, ნუგზარ სხირელი იმედოვნებს, რომ უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით, სპორტსმენებს ვარჯიშის უფლება მალე მიეცემათ.

,,რა თქმა უნდა, შექმნილი ვითარება ნეგატიურად მოქმედებს სპორტსმენთა ფორმაზე. მათ, ფაქტობრივად, მთელი წლის ნაშრომი წყალში ეყრებათ. განსაკუთრებით სპორტის გარეშე პატარების დარჩენა მაშფოთებს. დიდები კიდევ რაღაცას ახერხებენ – კროსზე სხვადასხვა მიმართულებით დარბიან. მოჭიდავეებზე, რომლებსაც უნდა ეასპარეზათ კადეტებში, ახალგაზრდებში და ა.შ. ასეთი გათიშვა სპორტიდან ნეგატიურად იმოქმედებს. ვშიშობ, განახლების შემდეგ გარკვეული ნაწილი სპორტს არ ჩამოშორდეს.

მე, მაგალითად, მომხრე არა ვარ სრული იზოლაციის. ვფიქრობ, ნება უნდა დაგვრთონ, რომ დარბაზში შემოვიდნენ ბავშვები და კონტაქტის გარეშე, ფიზიკურ ძალაზე ივარჯიშონ. იქნებ ასეთი გამოსავალიც მოიძებნოს. ჩვენს დარბაზში, მაგალითად, არის 15 ტრენაჟორი, რამდენიმე დღეში ერთხელ რომ ჩატარდეს სრული დეზინფექცია, შემოვიდნენ მოჭიდავეები შეზღუდული რაოდენობით (პირობითად ათამდე), ხელთათმანებით და ტრენაჟორებზე, რომლებიც ერთმანეთისგან 2 მეტრითაა დაშორებული ივარჯიშონ. ისინი როცა დაასრულებენ ვარჯიშს და გავლენ, სპეციალური ხსნარით ისევ დაიმუშავებენ ხელებს და დატოვებენ შენობას. მომდევნო საათში კიდევ სხვა ჯგუფი შემოვა და ასე”, - განაცხადა ნუგზარ სხირელმა.

რაც შეეხება ტიტულოვან გორელ სპორტსმენებს, ნუგზარ სხირელის ინფორმაციით, აღნიშნული სპორტსმენები, ძირითადად, სახლის პირობებში ვარჯიშობენ, თუმცა, ეს აბსოლუტურად არასაკმარისია.

,,ისინი ვარჯიშობენ სახლის პირობებში, ზოგჯერ - გარეთაც, მაგრამ აბა ასე როგორ მოხდება სპორტული ფორმის შენარჩუნება? სამწუხაროდ, ამ იძულებითმა პაუზამ ზოგ სპორტსმენს შესაძლოა უარყოფითი კვალი დაამჩნიოს“.

წელს, როგორც ოლიმპიურ წელს, მსოფლიოს ჩემპიონატი ჭიდაობაში დაგეგმილი იყო მხოლოდ არაოლიმპიურ წონებში. ახლა, როდესაც ოლიმპიადა გადაიდო, შემოდგომით დაგეგმილი მსოფლიოს ჩემპიონატის სტანდარტულ წესებში შეიტანენ თუ არა ცვლილებებს, ჯერ უცნობია.

,,ჯერჯერობით ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ძალიან კარგი იქნება თუ წონებთან დაკავშირებით ცვლილება მოხდება. მე სულაც ინიციატივით გამოვდივარ, რომ შემოდგომით ეს მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველოში და თანაც ყველა წონაში ჩატარდეს. ჩვენ, როგორც ვირუსით ნაკლებად დაზარალებული ქვეყანა, საამისოდ უფრო მზად ვიქნებით. რასაკვირველია, ასეთ შეჯიბრების ჩასატარებლად ყველა შესაბამისი უსაფრთხოების ნორმის დაცვა იქნება საჭირო, აგრეთვე სხვა ნიუანსები, რომლებიც ცალკე, დეტალურად სამსჯელო თემაა. მოკლედ, თუ შემოდგომისთვის ვითარება სათანადოდ განმუხტული იქნება, მსოფლიოს ჩემპიონატის სრულყოფილად ჩატარება, უსაფრთხოების წესების მაქსიმალური დაცვით, საქართველოს სხვა ბევრ ქვეყანაზე უკეთ შეეძლება. ამასთან, ყველა ვხედავთ, რომ ნელ-ნელა, ისეთმა განვითარებულმა ქვეყნებმა, რომელთაც მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ჰყავთ დაინფიცირებული, მაინც დაიწყეს გარკვეული შეზღუდვების მოხსნა. იქნებ ჩვენთანაც მალე გადაიდგას ეს ნაბიჯი. როცა სახელმწიფო შეზღუდვებს მოხსნის, სასურველი იქნება, რომ შიდა შეჯიბრებების ჩატარების უფლებებიც მალე მოგვცენ. თავდაპირველად, უმაყურებლოდ, მაგრამ მთავარია დაიძრას ეს ყინული.

კვირის ამბები