საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე პრეზიდენტმა ბრძანება გამოსცა, რომლის თანახმადაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდა. სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდება პრეზიდენტის იმ დეკრეტის მოქმედებაც, რომელიც კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებების გარკვეულ შეზღუდვებს ითვალისწინებს.
„მიღებულმა ზომებმა განაპირობა ის, რომ ამ ერთი თვის განმავლობაში შევძელით და კონტროლის ქვეშ მოვაქციეთ დაავადების გავრცელების ტემპი და მასშტაბი, თუმცა, ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევა არ გვაძლევს უფლებას, მოვადუნოთ ყურადღება და შეზღუდვები ნაადრევად მოვხსნათ. ყველა არსებული გათვლა და პროგნოზი მიუთითებს მომავალ 2-3 კვირაში ეპიდემიის შიდა გავრცელების ზრდის დიდ საფრთხეზე. იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ პირველ ეტაპზე მიღწეული სამაგალითო შედეგები არსებული რეჟიმი გარკვეული ხნით კიდევ უნდა დავიცვათ. ახალი კორონავირუსის მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით, მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე და კონსტიტუციის 71-ე მუხლის თანახმად, გამოვცემ ბრძანებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ.
ბრძანების თანახმად, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა გაგრძელდება 2020 წლის 22 მაისის ჩათვლით”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელების თაობაზე პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრმა მიმართა.
„ფართოვდება კლასტერები და სულ უფრო მძიმდება წყაროს დადგენა. სიტუაციის ანალიზის საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემდეგი 2-3 კვირის განმავლობაში ვიქნებით ვირუსის გავრცელების პიკურ ფაზაში, ამიტომ საბჭოს მიერ მიღებული იქნა შემდეგი გადაწყვეტილება - საქართველოს მთავრობამ გაუგზავნა ოფიციალური მიმართვა პრეზიდენტს, საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გაგრძელების თაობაზე“, - განაცხადა მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.