საზოგადოება
21.04.2020 17:44
საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დაწესებული შეზღუდვები 27 აპრილიდან მოიხსნება - ირაკლი ჩიქოვანი

საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დაწესებული შეზღუდვები 27 აპრილიდან მოიხსნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„უნდა გავაგრძელოთ იმ აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ქვეყანას კორონავირუსის მასიური გავრცელების შეჩერების შესაძლებლობას მისცემს. ამ ფაზას კი, ლოგიკურად მოყვება ე.წ. გახსნის ფაზა, რაც დაწესებული შეზღუდვების ნაბიჯ-ნაბიჯ მოხსნას გულისხმობს. ბუნებრივია, ეს ფაზაც უნდა იყოს სწორად, ეტაპობრივად დაგეგმილი და აუცილებელია, ეს პროცესიც ისეთივე წარმატებით გაგრძელდეს, როგორც, აქამდე, შეკავების პროცესი მიმდინარეობდა. უკვე ორშაბათიდან, ანუ, 27 აპრილიდან დაიწყება გარკვეული შეზღუდვების მოხსნა, მათ შორის გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა. სპეციალისტების პროგნოზის მიხედვით, 2 -3 კვირის შემდეგ, პიკის გადალახვის შემთხვევაში აქტიურად შევძლებთ დავიწყოთ სხვა შეზღუდვების მოხსნა და ეკონომიკური აქტივობებისთვის და ეკონომიკური ცხოვრებისთვის ხელშეწყობა“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, რომ 17 აპრილს, დღის 12:00 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით ქვეყანაში სრულად აიკრძალა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. შეზღუდვა არ ვრცელდება ტვირთების გადაზიდვაზე და დისტრიბუციის მანქანებზე.

კვირის ამბები